რა ღირს ერთი ადამიანის სიცოცხლე?

0 Comments

ინგლისელმა ფილოსოფოსისმა და ადვოკატმა ჯერემი ბენთემმა „კარგსა და ცუდს“ შორის მიჯნა გაავლო და უტილიტარიანიზმზე დაფუძნებული „უდიდესი სიკეთის“ განმსაზღვრელი პრინციპი შემოგვთავაზა: “უდიდესი სარგებელი, ადამიანთა უდიდესი ნაწილისვთის მინიმალური ხარჯებით.“ იმისათვის, რომ აღნიშნული მიღწევად და რეალურ მიზანს წარმოადგენდეს, უნდა არსებობდეს ობიექტური მექანიზმი ყველაფრის ღირებულების (არა ფასეულობის) შეფასებისა. დღეს-დღეობით აღნიშნული მექანიზმი ცნობილია „ხარჯებისა და მოგების ანალიზის“ (cost-benefit analysis, იგივე CBA) სახელით. CBA გულისხმობს ნებისმიერი ქმედების გაანალიზებას მოგება-ხარჯის ურთიერთმიმართების დადგენის გზით. თუ მოგება აღემატება ხარჯს გამოდის, რომ ქმედება შეესაბამება „უდიდესი სიკეთის“ პრინციპის მოტივებს და მისი განხორციელება სასარგებლოა კაცობრიობისთვის.
იმისათვის, რომ შევძლოთ ნებისმიერი ქმედების CBA მეთოდით განსჯა, საჭიროა შეგვეძლოს აბსოლუტურად ყველაფრის ღირებულების შეფასება, ანუ საჭიროა არსებობდეს შეფასების უნივერსალური ვალუტა.
საუკუნეების მანძილზე ბარტერი ნასყიდობამ შეცვალა; ადამიანებმა ვალუტად ფული აირჩიეს და სხვადასხვა ფულადი ერთეულების ურთიერთგადაცვლის კოეფიციენტიც დადგინდა. თუ აქამდე მიგაჩნდათ, რომ აუდიტორის მიერ თქვენი ქონების შეფასება რთული პროცესია, მაშინ ნამდვილად შეუძლებლად მოგეჩვენებათ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, სხეულის სხვადასხვა ნაწილების ფულად ერთეულად ქცევა. აღნიშნული არ მოიაზრებს ადამიანის მიერ საკუთარი ორგანოს გაყიდვას, ანდა სადაზღვეო შემთხვევით დამდგარი ზიანის ფულად ერთეულად დაბრუნებას. საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როცა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისას დამდგარი ზიანი უნდა შეფასდეს ჩვენთვის ცნობილ ვალუტაში.
ჯერემი ბენთემის „უდიდესი სიკეთის“ თეორიის ფუნქციონირებისთვის სავალდებულოა ყველაფრის ღირებულების განსაზღვრა. როგორ ფიქრობთ, რამდენი ლარი ღირს ერთი ადამიანის სიცოცხლე? 100,000 ლარი 30 წლის მამაკაცისთვის? მაშინ 50 წლისაზე რას იტყვით? უნდა გავითვალისწინოთ თუ არა რამდენი აქვს მას ყოველწლიური შემოსავალი? რა კრიტერიუმებით უნდა დავადგინოთ ადამიანის სიცოცხლის ფასი?
თუ ჯერაც არ შეგიწყვეტიათ კითხვა, უკვე შეგიძლიათ კომენტარში თქვენი აზრი დააფიქსიროთ.

ვიდრე ღირებულების ფორმულის დადგენას შევეცდებით აუცილებლად გაგვიჩნდება კითხვა: რამდენად შეესაბამება მორალის აღიარებულ სტანდარტებს ადამიანის სიცოცხლის ფულად ერთეულში გამოსახვა? უტილიტარიანიზმისეული „უდიდესი სიკეთის“ მისაღწევად მორალი მსხვერპლად ეწირება მიზანს.
მეორე და ალბათ მთავარი კითხვა: გვესაჭიროება თუ არა ყველაფრის ღირებულების განსაზღვრა? აღნიშნულზე მაგალითიდან ვიმსჯელოთ: ვთქვათ კომპანიის მიერ დაშვებული შეცდომის გამო ავიაკატასტროფაში ადამიანები დაიღუპნენ. გარდა შესაძლო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა, დადგება დაღუპულთა ოჯახების მიმართ ზიანის ფულად ერთეულში ანაზღაურების აუცილებლობა. როგორ უნდა მოხდეს იმ თანხის განსაზღვრა, რომელსაც კომპანია დაღუპულთა ოჯახებს აუნაზღაურებს? რა თქმა უნდა CBA-ს გამოთვლის ცივი და რაციონალური მეთოდით.
რეალური მდგომარეობა საერთოდ აქრობს უკანასკნელი კითხვის არსებობის აუცილებლობას: ყოველდღიურობაში ყველა დიდი კორპორაცია სარგებლობს CBA-ს მეთოდით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. სადაზღვეო კომპანიები აფასებენ პიროვნების დაზღვევის CBA-ს, სახელმწიფოები აფასებენ ჯარისკაცების ომში გაგზავნის CBA-ს და ა.შ. სახელმწიფო მმართველობის გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი CBA-ს ფორმულით ფასდება და ამით დგინდება ვარაუდი, რამდენად მომგებიანი ქმედება. მიუხედავად იმისა ვიცით თუ არა, გვინდა თუ არა, cost-benefit analysis უკვე ყოველდღიურობის ნაწილია.
#თვითონგანსაჯე სისხლის სამართლის კოდექსში განსაზღვრული სასჯელები ეფუძნება თუ არა CBA-ს მეთოდით დადგენად პროპორციას?

CBA-ს ეფექტურობის მიუხედავად, ჩარჩოებს გარეთ რჩება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა მორალი, სუბიექტური დამოკიდებულება. შესაძლებელია თუ არა საყვარელი ადამიანის დაკარგვით მოყენებული ტკივილი შეფასებულ იქნეს ფულად ერთეულში? თუ თქვენი პასუხი კომპრომისია და თვლით, რომ სულ არაფერს ჯობს, მაშინ დაფიქრდით იმაზე, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ნეგატივი (ტკივილი, გვერდში დგომის არარსებობა, დაღუპულის მიერ შესაქმნელი სიკეთის შექმნის შეუძლებლობა) შეუქცევადი, აბსოლუტური და მუდმივია და რამდენად ეფექტურია მისი გამოხატვა წარმავალ მატერიალურ ერთეულში. უფრო მეტიც: ადამიანის განვითარება მიისწრაფის ა) სამართლიანობისკენ თუ ბ) ლოგიკური, მართებული „უდიდესი სიკეთისკენ“ და რომელი მიზანია, რომელსაც უტილიტარიანიზმი აღწევს? რომელი მიზანია, რომელსაც თქვენ გინდათ მიაღწიოთ?

„ცინიკოსია ადამიანი, რომელმაც ყველაფრის ღირებულება იცის, მაგრამ არაფრის ფასეულობა“ ოსკადი ვაილდი.

P.S. საკითხის დეტალური განხილვა ამ სტატიაში მასალის ოდენობის გამო ფიზიკურად შეუძლებელია. თუ საკითხით დაინტერესდით, შეგიძლიათ ქვემოთ მითითებული წყაროებით ისარგებლოთ ანდა მოგვწეროთ პირადში და დაგეხმარებით ინფორმაციის მოძიებაში.

Utilitarianism -Wikipedia
Jeremy Bentham – Wikipedia
Cost-benefit analyses – Wikipedia
Happiness and utility: Jeremy Bentham’s equation – Burns, J.H

About DeJure

    You May Also Like

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *