ავტომობილებზე გადასახადის გადახდა მიმდინარე წლიდან იწყება. ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა გარკვეული კატეგორიის პირებს მიმდინარე წლიდან მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადახდის ვალდებულება 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რამდენ ადამიანს შეეხება აღნიშნული გადასახადის გადახდის ვალდებულება. როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, იმ პირთა რაოდენობა რომელთა შემოსავალიც 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი 45 146 პირს აქვს.

ცნობისთვის, პირებს ავტომობილის გადასახადის გადახდა 2017 წლის შემოსავლების მიხედვით მოუწევთ. გასული წლის შემოსავლების მიხედვით ქონების დეკლალირება კი 2018 წლის 1 ნოემბრამდე უნდა მოხდეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადასახადის წლიური განაკვეთი გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განამავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული. კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05% და არაუმეტეს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.

მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი.
როგორც შსს-ს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა 2017 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება.შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით მოხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება. დამრღვევი მძღოლი კი შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება:

• შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;
• ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;
• სიჩქარის გადაჭარბება;
• მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;
• მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის მიხედვით:

• საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;

• თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;

• ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;

• საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;

• საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;

• ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში – ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;

• ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა იზრდება 1 წლამდე.

• მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით;

‼️აღსანიშნავია, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

წყარო: www.police.ge

საქართველოს კონსტიტუციის პროექტში გათვალისწინებულია ახალი ნორმა, სადაც მოხსენიებულია ადვოკატი, როგორც ადამიანთა უფლებების დამცველი სასამართლოში.  საინტერესოა, რომ ბევრ ქვეყანას არ აქვს თავის კონსტიტუციაში მოხსენიებული ადვოკატის ცნება. ეს ცვლილება დადებითად შეაფასა  ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭომ (CCBE), კერძოდ მან წერილში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,კონსტიტუციის ახალი რედაქცია ადვოკატთა უფლებებისა და იურისტთა თვითრეგულაციების შესახებ ახალ თავებს მოიცავს, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში“.

ინგლისელმა ფილოსოფოსისმა და ადვოკატმა ჯერემი ბენთემმა „კარგსა და ცუდს“ შორის მიჯნა გაავლო და უტილიტარიანიზმზე დაფუძნებული „უდიდესი სიკეთის“ განმსაზღვრელი პრინციპი შემოგვთავაზა: “უდიდესი სარგებელი, ადამიანთა უდიდესი ნაწილისვთის მინიმალური ხარჯებით.“ იმისათვის, რომ აღნიშნული მიღწევად და რეალურ მიზანს წარმოადგენდეს, უნდა არსებობდეს ობიექტური მექანიზმი ყველაფრის ღირებულების (არა ფასეულობის) შეფასებისა. დღეს-დღეობით აღნიშნული მექანიზმი ცნობილია „ხარჯებისა და მოგების ანალიზის“ (cost-benefit analysis, იგივე CBA) სახელით. CBA გულისხმობს ნებისმიერი ქმედების გაანალიზებას მოგება-ხარჯის ურთიერთმიმართების დადგენის გზით. თუ მოგება აღემატება ხარჯს გამოდის, რომ ქმედება შეესაბამება „უდიდესი სიკეთის“ პრინციპის მოტივებს და მისი განხორციელება სასარგებლოა კაცობრიობისთვის.
იმისათვის, რომ შევძლოთ ნებისმიერი ქმედების CBA მეთოდით განსჯა, საჭიროა შეგვეძლოს აბსოლუტურად ყველაფრის ღირებულების შეფასება, ანუ საჭიროა არსებობდეს შეფასების უნივერსალური ვალუტა.
საუკუნეების მანძილზე ბარტერი ნასყიდობამ შეცვალა; ადამიანებმა ვალუტად ფული აირჩიეს და სხვადასხვა ფულადი ერთეულების ურთიერთგადაცვლის კოეფიციენტიც დადგინდა. თუ აქამდე მიგაჩნდათ, რომ აუდიტორის მიერ თქვენი ქონების შეფასება რთული პროცესია, მაშინ ნამდვილად შეუძლებლად მოგეჩვენებათ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, სხეულის სხვადასხვა ნაწილების ფულად ერთეულად ქცევა. აღნიშნული არ მოიაზრებს ადამიანის მიერ საკუთარი ორგანოს გაყიდვას, ანდა სადაზღვეო შემთხვევით დამდგარი ზიანის ფულად ერთეულად დაბრუნებას. საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როცა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისას დამდგარი ზიანი უნდა შეფასდეს ჩვენთვის ცნობილ ვალუტაში.
ჯერემი ბენთემის „უდიდესი სიკეთის“ თეორიის ფუნქციონირებისთვის სავალდებულოა ყველაფრის ღირებულების განსაზღვრა. როგორ ფიქრობთ, რამდენი ლარი ღირს ერთი ადამიანის სიცოცხლე? 100,000 ლარი 30 წლის მამაკაცისთვის? მაშინ 50 წლისაზე რას იტყვით? უნდა გავითვალისწინოთ თუ არა რამდენი აქვს მას ყოველწლიური შემოსავალი? რა კრიტერიუმებით უნდა დავადგინოთ ადამიანის სიცოცხლის ფასი?
თუ ჯერაც არ შეგიწყვეტიათ კითხვა, უკვე შეგიძლიათ კომენტარში თქვენი აზრი დააფიქსიროთ.

ვიდრე ღირებულების ფორმულის დადგენას შევეცდებით აუცილებლად გაგვიჩნდება კითხვა: რამდენად შეესაბამება მორალის აღიარებულ სტანდარტებს ადამიანის სიცოცხლის ფულად ერთეულში გამოსახვა? უტილიტარიანიზმისეული „უდიდესი სიკეთის“ მისაღწევად მორალი მსხვერპლად ეწირება მიზანს.
მეორე და ალბათ მთავარი კითხვა: გვესაჭიროება თუ არა ყველაფრის ღირებულების განსაზღვრა? აღნიშნულზე მაგალითიდან ვიმსჯელოთ: ვთქვათ კომპანიის მიერ დაშვებული შეცდომის გამო ავიაკატასტროფაში ადამიანები დაიღუპნენ. გარდა შესაძლო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა, დადგება დაღუპულთა ოჯახების მიმართ ზიანის ფულად ერთეულში ანაზღაურების აუცილებლობა. როგორ უნდა მოხდეს იმ თანხის განსაზღვრა, რომელსაც კომპანია დაღუპულთა ოჯახებს აუნაზღაურებს? რა თქმა უნდა CBA-ს გამოთვლის ცივი და რაციონალური მეთოდით.
რეალური მდგომარეობა საერთოდ აქრობს უკანასკნელი კითხვის არსებობის აუცილებლობას: ყოველდღიურობაში ყველა დიდი კორპორაცია სარგებლობს CBA-ს მეთოდით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. სადაზღვეო კომპანიები აფასებენ პიროვნების დაზღვევის CBA-ს, სახელმწიფოები აფასებენ ჯარისკაცების ომში გაგზავნის CBA-ს და ა.შ. სახელმწიფო მმართველობის გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი CBA-ს ფორმულით ფასდება და ამით დგინდება ვარაუდი, რამდენად მომგებიანი ქმედება. მიუხედავად იმისა ვიცით თუ არა, გვინდა თუ არა, cost-benefit analysis უკვე ყოველდღიურობის ნაწილია.
#თვითონგანსაჯე სისხლის სამართლის კოდექსში განსაზღვრული სასჯელები ეფუძნება თუ არა CBA-ს მეთოდით დადგენად პროპორციას?

CBA-ს ეფექტურობის მიუხედავად, ჩარჩოებს გარეთ რჩება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა მორალი, სუბიექტური დამოკიდებულება. შესაძლებელია თუ არა საყვარელი ადამიანის დაკარგვით მოყენებული ტკივილი შეფასებულ იქნეს ფულად ერთეულში? თუ თქვენი პასუხი კომპრომისია და თვლით, რომ სულ არაფერს ჯობს, მაშინ დაფიქრდით იმაზე, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ნეგატივი (ტკივილი, გვერდში დგომის არარსებობა, დაღუპულის მიერ შესაქმნელი სიკეთის შექმნის შეუძლებლობა) შეუქცევადი, აბსოლუტური და მუდმივია და რამდენად ეფექტურია მისი გამოხატვა წარმავალ მატერიალურ ერთეულში. უფრო მეტიც: ადამიანის განვითარება მიისწრაფის ა) სამართლიანობისკენ თუ ბ) ლოგიკური, მართებული „უდიდესი სიკეთისკენ“ და რომელი მიზანია, რომელსაც უტილიტარიანიზმი აღწევს? რომელი მიზანია, რომელსაც თქვენ გინდათ მიაღწიოთ?

„ცინიკოსია ადამიანი, რომელმაც ყველაფრის ღირებულება იცის, მაგრამ არაფრის ფასეულობა“ ოსკადი ვაილდი.

P.S. საკითხის დეტალური განხილვა ამ სტატიაში მასალის ოდენობის გამო ფიზიკურად შეუძლებელია. თუ საკითხით დაინტერესდით, შეგიძლიათ ქვემოთ მითითებული წყაროებით ისარგებლოთ ანდა მოგვწეროთ პირადში და დაგეხმარებით ინფორმაციის მოძიებაში.

Utilitarianism -Wikipedia
Jeremy Bentham – Wikipedia
Cost-benefit analyses – Wikipedia
Happiness and utility: Jeremy Bentham’s equation – Burns, J.H

ასეთი სივრცეები თბილისში სულ რამოდენიმე ქუჩაზე გვხვდება. მისი გადაკვეთისა თუ მგზავრების ჩასმისთვის განსაზღვრული ადგილები წყვეტილითაა გამოყოფილი. აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ თუ იმოძრავებთ აღნიშნულ სივრცეში, თქვენ დაჯარიმდებით: 200 ლარით და დაგაკლდებათ 30 ქულა მართვის მოწმობაზე.
#დაიცავი #მოძრაობის #წესები!
#გაუფრთხილდი #ქულებს #და #საკუთარ #ბიუჯეტს

საქართველოს პრეზიდენტმა მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შესთავაზა. აღნიშნული შეთავაზება მნიშვნელოვანია, ვინაიდან გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის.
ცვლილებები მოიცავს:

•პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას;

•ბონუს მანდატების გაუქმებას;

•ბლოკების დაშვებასა;

•პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ მხოლოდ მას შემდეგ რაც იგი ორპალატიანი გახდება.

© ილია გოგილაშვილი

5 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 320 ღერი სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღკვეთა.
️320 ღერი სიგარეტი 16 კოლოფია. კოლოფის საშუალო საბაზრო ღირებულებად თუ 4 ლარს ვივარაუდებთ მთლიანობაში არადეკლარირებული ქონების ფასი დაახლოებით 65 ლარი გამოვა.
️თუ ვივარაუდებთ, რომ პირი, რომელმაც დეკლარაციის გარეშე 55 ლარის ღირებულების საქონლის შემოტანა სცადა ქვეყანაში, ამ საქონლის რეალიზაციითაა დაკავებული და დავუშვებთ, რომ საქონლის რეალიზაციის შემდეგ მისი მოგება 55 იდან 25 ლარი იქნებოდა, გამოდის რომ დეკლარაციის შეუვსებლობით პირი ქვეყანას 5 ლარს პარავდა.
გამოდის, რომ 5 ლარის გადასახადების დამალვის ფაქტის გამო პირი 1000 ლარით დაჯარიმდა.
#თვითონგანსაჯე  როგორ ფიქრობთ მსგავს შემთხვევებში უნდა სარგებლობდეს თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22 მუხლით და 1000 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად შენიშვნას აძლევდეს მცირედმნიშვნელოვან სამართალდარღვევაზე?

წყაროები და ნორმატიული მასალა:
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22 მუხლი:
„ მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა
თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.“
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლი:
„14. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

3. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სტატია:
„5 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 320 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. არადეკლარირებული საქონელი საქართველოს მოქალაქეს, რ.მ-ს ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩნდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.“

მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1-ელ აპრილამდე აქვთ აღებული, მისი გამოყენება დაახლოებით, 3 თვის განმავლობაში შეუძლიათ, რადგან 2018 წლის 1-ელ იანვარს დოკუმენტი იურიდიულ ძალას დაკარგავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, თუ მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე აიღეთ, მას მოქმედების იურიდიული ძალა 2028 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდება, შემდეგ კი განახლება იქნება საჭირო.

2014 წლიდან დაბეჭდილ მართვის მოწმობებში კი მოქმედების კონკრეტული ვადა იწერება, რომლის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტი უნდა განახლდეს. მართვის მოწმობის განახლებისთვის გამოცდის განმეორებით ჩაბარება არ გესაჭიროებათ,ამისთვის მხოლოდ 15 ლარის გადახდა და ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარადგენაა საჭირო.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში სავარაუდოდ დღეს გაასაჩივრებენ. დაცვის მხარისთვის მიუღებელია ის არგუმენტები, რის საფუძველზეც საქალაქო სასამართლომ დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. უფლებადამცველების თქმით, გიორგი მამალაძე ბრალდების ყველა ნაწილში უნდა გამართლებულიყო.

წყარო:
© http://www.newposts.ge

პეკინის ქუჩაზე მოწყობილ ე.წ. ბას ლაინსა და ველობილიკებზე მოძრაობის გამო, როგორც ავტომობილების მფლობელები, ისე ფეხით მოსიარულეები დაჯარიმდებიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, ამ დროისთვის არ არის ცნობილი სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი მძღოლი ან ფეხით მოსიარულე დაჯარიმდა.

სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, როგორც ”ბას ლაინის”, ისე ველობილიკის გადაკვეთისას ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით და ეს შესაძლოა იყოს ჯარიმა არასწორი პარკირებისთვის, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის და ა.შ.

რაც შეეხება ფეხით მოსიარულეებს, მათ შეეხებათ ჯარიმა ჩვეულებრივ, გზის არასწორ ადგილას გადაკვეთისთვის, რაც 10 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

”პეკინის ქუჩაზე მუდმივ რეჟიმში იმყოფება საპატრულო პოლიცია, ქვეითი პატრული და არეგულირებს გადაადგილებას”, – აცხადებენ სამინისტროში.

წყარო:
© https://bpn.ge